გენერალი გიორგი მაზნიაშვილი

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი

***   551 *** ***  4

სამი ხელისუფლების დროს მოღვაწეობდა და სამივემ საკუთარ მტრად გამოაცხადა.

საკუთარი თავის დაცვა არც უფიქრია,

სჯეროდა: “სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება”.

რუსეთ-იაპონიის ომში დაიჭრა.

პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ.

ლაზარეთში ის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მოუნახულებია და იმპერიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ჯვარი საკუთარი ხელით მიუბნევია გულზე.

მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომშიც,

სადაც კიდევ ერთხელ დაიჭრა.

1917 წელს, საბჭოთა რევოლუციის შემდეგ,

სამშობლოში დაბრუნდა და ორი ეროვნული დივიზია შექმნა.

ამ დროს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას ყველა მხრიდან ცდილობდნენ.

დასავლეთიდან ოსმალები და გერმანელები გვიტევდნენ, ჩრდილოეთიდან – რუსი ბოლშევიკები და დენიკინელები, აღმოსავლეთიდან – მუსავატისტები, სამხრეთიდან – დაშნაკები.

ოთხივე მხრიდან იცავდა სამშობლოს.

1918 წელს კავკასიის კომისარიატმა თბილისის დაცვა დაავალა.

თურქეთის ფრონტიდან უკანდახეული რუსული ნაწილები დედაქალაქის აღებას ცდილობდნენ.

ამ საფრთხის აცილება ჯავშან-მატარებლითა და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით შეძლო.

1918 წელსვე რუსეთმა, ბრესტის ზავით, თურქეთს ქართული მიწები, მათ შორის აჭარა გადასცა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია.

ამის საპასუხოდ, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით, სახალხო ლაშქარი შექმნა და არა მარტო გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ ჩოლოქის ბრძოლაში მტერი სრულად დაამარცხა და ბათუმიც გაათავისუფლა.

სწორედ ამ გამარჯვებით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

1918 წლის აპრილში მასთან აფხაზების დელეგაცია მივიდა თხოვნით, მტრისგან გაეთავისუფლებინა აფხაზეთი.

ამ პერიოდში მან ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, პრო-ბოლშევიკური აჯანყება ჩაახშო და თეთრგვარდიელები აფხაზეთიდან განდევნა.

22 ივნისს, 2, 6 და 26 ივლისს ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე.

1918 წლის ოქტომბერში თბილისის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.

ამავე წელს,სომხეთ-საქართველოს ომის დროს, შულავერ–სადახლოს ფრონტის სარდალი იყო.

კიდევ ერთხელ წარმატებით დაიცვა საქართველოს სამხრეთი საზღვარი, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი.

როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ,

მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო.

თავიდან დიდ წარმატებას მიაღწია, რის გამოც მე-11 არმია იძულებული გახდა, უკან დაეხია.

მოულოდნელად - დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და უკან დახევა უბრძანეს.

ბრძოლის შეწყვეტის წინააღმდეგი იყო,

თუმცა იძულებული გახდა, მთავრობის ნებას დამორჩილებოდა.

1921 წლის თებერვალში ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობის თბილისიდან გაყვანა დაევალა.

17 მარტს ბათუმამადე ჩააცილა მთავრობა, მაგრამ ემიგრაციაში არ გაჰყვა.

სამშობლო ვერ მიატოვა, რადგან

იმ პერიოდში საქართველოში არსებული მდგომარეობით თურქეთმა ისარგებლა,

ქიზიმ-ბეის ჯარის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და ბათუმის ოლქი მთლიანად დაიკავეს.

ქიზიმ-ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საბჭოთა საქართველოდ გამოცხადდა, მან პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა კვლავ ქვეყნის ინტერესები დააყენა.

დათანხმდა თხოვნას,

დახმარებოდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მის არმიაში წითელგვარდიელები და თეთრგვარდიელები გვერდიგვერდ იბრძოდნენ.

ცნობილია სიტყვა, რომელიც სუფსის სადგურთან მდებარე ეკლესიის ეზოში წარმოთქვა:

-“მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს. ჩვენს ჯარსა და არმიას დახმარება სჭირდება. თოფ-იარაღი და ტყვია-წამალი ჯარისკაცებს არ გვყოფნის, პურსაც ვერ მოგცემთ… ისევ თქვენი მჭადითა და ცულით უნდა დავხვდეთ მტერს და ვძლიოთ… ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ!”

თურქებთან ბრძოლა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა,

1921 წლის 20 მარტს კი კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ქართველებს ბათუმი და მისი ოლქი დაგვიბრუნა.

მიუხედავად ამისა, ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და

კონტრრევოლუციონერობის და ბანდიტიზმის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯეს.

თუმცა,

მისმა საბრძოლო ღვაწლმა მაინც გაჭრა და სამწლიანი პატიმრობის შემდეგ,სამშობლოდან გააძევეს.

მერე იყო ჭორები, ზოგი რას აბრალებდა და ზოგიც რას,

როგორც გვჩვევია.

თავად კი იმას ამბობდა,რასაც ფიქრობდა:

-“მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ.

მე ქართველი გენერალი ვარ.”

ასეც იყო,

ვერ გაძლო სამშობლოს გარეშე და იძულებული გახდა საბჭოთა ხელისუფლებისთვის დაბრუნების ნებართვა ეთხოვა.

დაბრუნდა.

არც სამსახური მისცეს და არც პენსია დაუნიშნეს.

საკუთარ სოფელში ცხოვრობდა და სოფლის მეურნეობას ეწეოდა,

სანამ

1937 წელს,კომუნისტებმა თავის შვილთან ერთად გასამართლების გარეშე დახვრიტეს.

ისე,რომ

მისი საფლავის მდებარეობა დღემდე უცნობია.

საქართველოს ეროვნული გმირი,

დაუმარცხებელი გენერალი

წყარო

გიორგი მაზნიაშვილი - ისტორია ფერებით

https://www.facebook.com/AvtandilVashadze

 


***

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 ***

  • გენერალი გიორგი მაზნიაშვილი
  • admin