1905 წლის 10 მარტს დაიბადა დიდი ქართველი მწერალი ლევან გოთუა – ლევან გოთუას ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“. XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ყოფის ამსახველ ამ რომანს საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ლევან გოთუა სასჯელის მოხდისას შორეულ ვორკუტაში წერდა და სამშობლოში ნაწილ-ნაწილ ფარულად აგზავნიდა…

1905 წლის 10 მარტს დაიბადა დიდი ქართველი მწერალი ლევან გოთუა – ლევან გოთუას ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“. XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ყოფის ამსახველ ამ რომანს საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ლევან გოთუა სასჯელის მოხდისას შორეულ ვორკუტაში წერდა და სამშობლოში ნაწილ-ნაწილ ფარულად აგზავნიდა…

***   499 *** ***  4

1905 წლის 10 მარტს დაიბადა დიდი ქართველი მწერალი ლევან გოთუა – ლევან გოთუას ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“. XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ყოფის ამსახველ ამ რომანს საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ლევან გოთუა სასჯელის მოხდისას შორეულ ვორკუტაში წერდა და სამშობლოში ნაწილ-ნაწილ ფარულად აგზავნიდა…

1905 წლის 10 მარტს დაიბადა დიდი ქართველი მწერალი ლევან გოთუა – ლევან გოთუას ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“. XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ყოფის ამსახველ ამ რომანს საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ლევან გოთუა სასჯელის მოხდისას შორეულ ვორკუტაში წერდა და სამშობლოში ნაწილ-ნაწილ ფარულად აგზავნიდა…

ლევან გოთუა დაიბადა 1905 წლის 10 მარტს თბილისში, ცნობილი მწერლის, პუბლიცისტის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის პართენ გოთუას ოჯახში. პართენ გოთუა წარმოშობით ძიმითიდან იყო. გაზეთ ,,ვოზროჟდენიეს” მთავარად რედაქტორად მუშაობდა. დედა- ქუთაისელი, სოფიო გრიგოლის ასული კემულარია, თავისი დროისათვის ფრიად განათლებული ქალი იყო. ლევანს წერა-კითხვა შეასწავლა დედამ. მამის მეოხებით ადრე შეეჩვია მოგზაურობას, ეზიარა სამშობლო ქვეყნის სიყვარულის უდიდეს გრძნობას და ჩაესახა შემოქმედებითი მისწრაფებანი. ლევან გოთუამ თბილისის მე-8 ტექნიკუმი დაამთავრა და, მამის რჩევით, თბილისის უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1925 წელს დაამთავრა.

ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ლევან გოთუამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები, თითქმის მეოთხედი საუკუნე, ცხოვრების 66 წლიდან 22 წელი სამშობლოსაგან მოწყვეტილმა, პატიმრობაში გაატარა.

ლევან გოთუამ პირველად 15 წლის ასაკში იწვნია “ჩეკისტების” რისხვა – გოთუების თითქმის მთელი ოჯახი ქალიშვილის ქორწილში დააპატიმრეს და შემოწმების შემდეგ მეორე დღესვე გაათავისუფლეს. 1918 წელს, საქართველოში მე-11 წითელი არმიის შემოსვლისას, ლევანი ძმებთან ერთად მოხალისედ ჩაეწერა და ომში წავიდა. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო საომრად წასული ბიჭები ერთ კვირაში უკან დააბრუნეს.

საქართველოში შემოსული “წითლების” რეპრესიები გოთუების ოჯახსაც შეეხო, მათ ჩამოართვეს ქონება და სახლის დიდი ნაწილი. მათი მეთვალყურეობა კი მათივე ოჯახში შესახლებულს დაევალა.

1921 წლიდან საქართველოში ეროვნული გამოსვლები დაიწყო. საქართველოს ყოველ კუთხეში გაჩნდა დაჯგუფებები, უნივერსიტეტში დაიწყო სტუდენტთა დიდი გამოსვლები, ახალგაზრდები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მოითხოვდნენ. ლევანი თავის ძმასთან და თანამოაზრეებთან ერთად ძალზე აქტიურობდა.

არსებული ვითარების გამო ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები არალეგალურ მუშაობაზე გადავიდნენ. დაიწყო საყოველთაო აჯანყების მომზადება, აჯანყების მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. საყოველთაო გამოსვლების დაწყების თარიღად 29 აგვისტო დათქვეს, თუმცა აჯანყება გაიცა, რასაც სისხლიანი რეპრესიები მოჰყვა. აჯანყების უშუალო მონაწილეების გარდა, დააპატიმრეს და დახვრიტეს სრულიად უდანაშაულო ხალხი.

1923 წლიდან განსაკუთრებით გაძლიერდა ინტელიგენციის რეპრესიები. ამ წლებში გაჩნდა დასჯის სასტიკი, ახალი მეთოდები – საყოველთაო დახვრეტა საქმის ყოველგვარი განხილვის გარეშე. უკეთეს შემთხვევაში, “სამშობლოს მტრებს” რუსეთის შორეული ჩრდილოეთის შრომა-გასწორების ბანაკებში ასახლებდნენ.

1924 წლის 29 აგვისტოს გოთუების ოჯახს “ჩეკისტებმა” კვლავ მიაკითხეს და ლევან გოთუა მამასთან ერთად დააპატიმრეს. 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ მამა-შვილი სრულიად მოულოდნელად გამოუშვეს ციხიდან. თუმცა, 1925 წელს ლევან გოთუა ხელმეორედ დააპატიმრეს. გოთუები აბასთუმანში იმყოფებოდნენ, როცა ახალციხის მაზრის პოლიტბიუროს თანამშრომელმა სევერიან ჩაჩავამ გოთუებს ლევანის დაპატიმრებისა და სახლის გაჩხრეკვის ორდერი წარუდგინა. ახალციხის პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა კალანდაძემ საიდუმლო პატაკით მიმართა საქართველოს საგანგებო კომისიის საიდუმლო-ოპერატიული სამმართველოს უფროსს ლავრენტი ბერიას, რომ ლევან გოთუას ბინის ჩხრეკისას ამოიღეს 78-ფურცლიანი ანტისაბჭოთა მიწერ-მოწერა, რომელიც გაეგზავნა ბერიას. საქართველოს საგანგებო კომისიასთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებით, ლევან გოთუას ფაშისტური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისთვის მიესაჯა სამი წლით პატიმრობა სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში. მანამდე კი “ჩეკას” საიდუმლო განყოფილების ხელმძღვანელმა ზუბოვმა შეადგინა დადგენილება, რომლის თანახმად, ლევან გოთუას სტუდენტთა რომელიღაც ოფიციალური ორგანიზაციის თავმჯდომარეობა დაბრალდა. ამიტომ, ლევან გოთუას, როგორც საშიშ პატიმარს, ბანაკში განსაკუთრებული ზედამხედველობა დაუწესეს.

სოლოვეცკში ჩასვლისთანავე ქართველ პატიმართა ჯგუფი ბნელ, ნესტიან, წყლით სავსე სარდაფში მოათავსეს “კანონიერ ქურდებთან”, მკვლელებთან და ბანდიტებთან ერთად.

1926 წლის 10 მაისის სსრკ-ს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდუმის დადგენილებით, ლევან გოთუა საკონცენტრაციო ბანაკიდან გაათავისუფლეს. თუმცა, დადგენილების თანახმად, ლევან გოთუას პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეეცვალა, აეკრძალა 6 ცენტრალურ პუნქტსა და სასაზღვრო გუბერნიაში ცხოვრება. ოჯახმა ლევანს საცხოვრებლად ვლადიკავკაზი შეურჩია იმ იმედით, რომ სწავლას გააგრძელებდა. თუმცა თავისუფალი გადასახლების “ჩეკისტური” რეჟიმი არ ჩამოუვარდებოდა საკონცენტრაციო ბანაკში გატარებულ უმძიმეს დღეებს. ლევან გოთუა ვლადიკავკაზში ჩასვლისთანავე “ჩეკაში” აიყვანეს აღრიცხვაზე, დაადებინეს ხელწერილი, რომ ქალაქიდან არსად გავიდოდა და კვირაში ერთხელ დანიშნულ დროს გამოცხადდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ პატიმრობით დაემუქრნენ. ლევან გოთუამ მუშაობა დაიწყო ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1928 წლის ზაფხულში ლევან გოთუას თავისუფალი გადასახლების ვადა ამოეწურა, თუმცა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, 1928 წლის 6 ივლისის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიასთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებით, თავისუფალი გადასახლება გაუხანგრძლივდა სამი წლით, ამიერკავკასიაში ცხოვრების უფლების გარეშე.

ლევანისთვის “ჩეკისტურ” რეჟიმში ცხოვრება აუტანელი გახდა, ისევე როგორც მისი მეგობრებისთვის, რომლებიც სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკის შემდეგ თავისუფალ გადასახლებაში იმყოფებოდნენ. ამიტომ მათ გადაწყვიტეს გაქცეოდნენ საშინელ რეჟიმს.

“ღირსეული მამულიშვილები გვინდოდა ვყოფილიყავით, სამშობლოში ამის საშუალება კი “ჩეკამ” ყოველმხრივ დაგვიხშო, დავიბენით, როგორ მოვიქცეთ შემდგომში არ ვიცით,” – წერდა ლევან გოთუა ოჯახს.

ახალგაზრდებმა საზღვარგარეთ გასაქცევად გამყოლი დაიქირავეს, რომელსაც თურქეთში უნდა გადაეყვანა ისინი და რომლის წყალობითაც კვლავ “ჩეკას” ტყვეობაში აღმოჩნდნენ. გაქცეულები მდინარე ჭოროხის გადაცურვისას დააკავეს და სამშობლოს მოღალატეებად და ჯაშუშებად მონათლეს, საშინელი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს და ბნელ სარდაფებში ჩაყარეს.

“В целях осуществления своего намерения о переходе границы, в Декабре м-це 1930г.вместе с двумя товарищами привыл в.г. Батум, где познакомился с абхазцем хогошо знающим дорогу через границу ипри попытки к пегеходу таковой был арестован.осужден Коллегией ОГПУ Зак.Края по ст.5810,82 и 84 УК Груз.ССР.34-31г. сроком на 3 года считая с 7/12-30г,” – ასეთი შეტყობინება დაიდო “ჩეკაში”.

1931 წლის 30 აპრილის სახელმწიფო პოლიტსამმართველოს კოლეგიასთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებით, ლევან გოთუას მიესაჯა სამი წლით ტუსაღობა საკონცენტრაციო ბანაკში. გადასახლების დღეს პატიმრები ციხიდან სადგურამდე ხორცის გადასაზიდი მანქანით მიიყვანეს.

მემორანდუმი გრიფით “სრულიად საიდუმლო”, რომელიც ლევან გოთუას “დანაშაულებრივი” საქმიანობის აღწერას ეთმობა, ასეთი წინადადებით მთავრდება:Дальнейшая проработка требуется в сторону установления его связей с осужденными нац. Демократами. Вербовать не следует за неискренность. Содержать в строгой изоляции.”

1936 წელს ლევან გოთუა ოჯახს დაუბრუნდა, თუმცა ლევანი “ჩეკაში” ისევ აღრიცხვაზე აიყვანეს, პასპორტის გაცემასა და თბილისში ჩაწერაზე უარი უთხრეს და თბილისის დატოვების ოცდაოთხსაათიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახლებით დაემუქრნენ. ამის გამო ლევან გოთუა ერთხანს წალკაში ცხოვრობდა. მას თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სამი კურსი ჰქონდა დამთავრებული და ცეკავშირის სისტემაში მოეწყო ეკონომისტად.

წალკაში ცოტა ხანში ლევანი სამხედრო კომისარმა გამოიძახა, საბუთები და ავტობიოგრაფია მოსთხოვა. ლევანმა ორწინადადებიანი ავტობიოგრაფია დაუწერა – “გადასახლებიდან ახლახან დაბრუნებული ვარ, პასპორტი და სამხედრო ბილეთი არ გამაჩნიაო”. ამის შემდეგ კომისარმა მოსვენება დაჰკარგა და სულ იმას ცდილობდა, ასეთი არასაიმედო პიროვნება როგორმე თავიდან მოეცილებინა. ისევ ცეკავშირის ხელმძღვანელობამ შეუწყო ლევან გოთუას ხელი და მალე იგი სამუშაოდ ბოლნისში გადავიდა საცხოვრებლად თუმცა, მოსვენებას არც იქ აძლევდნენ, გამუდმებით მიმდინარეობდა მისი პიროვნების დადგენა.

წალკაში დაწერა თავისი პირველი პიესა “ჩაძირული სოფელი”. სიუჟეტი ამ პიესისა წალკის მიდამოებში წამოწყებული დიდი წყალსაცავის მშენებლობამ უკარნახა. ამ წყალსაცავში უნდა ჩაიძიროს ერთი სოფელი, რომლის შუაგულშიც ეკლესია მდებარეობს. სოფლის მომავალი ჩაძირვა მის მაცხოვრებლებში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, ბოლოს ისინი რწმუნდებიან ამის აუცილებლობაში და თანახმანი ხდებიან, რომ მიატოვონ საცხოვრებელი სახლები და სხვაგან გადასახლდნენ, მაგრამ სოფლის უხუცესი მღვდელი კატეგორიულ უარზეა მიატოვოს ჩასაძირად განწირული ეკლესია. იგი ბოლომდე უდრეკი რჩება და ეკლესიასთან ერთად იძირება.

ეს პიესა ლევანმა რუსთაველის თეატრში ჩამოიტანა და აკაკი ხორავას აჩვენა. ხორავამ განიზრახა პიესის დადგმა, იმ პირობით, თუ ლევანი ფინალს გადააკეთებდა (მას თავად უნდოდა ეთამაშა იმ მღვდლის როლი). ლევანი გადაკეთებაზე არ დათანხმდა და პიესაც არ დაიდგა.

ბოლნისში ყოფნისას დაიწერა ახალი პიესა “მეფე ერეკლე”. სწორედ მაშინ გამოცხადდა საკავშირო კონკურსი საუკეთესო დრამატულ ნაწარმოებზე. ახლო ნათესავების დაჟინებული რჩევით პიესა მოსკოვში გაიგზავნა. დიდხანს არაფერი ამბავი ისმოდა. ლევანს გული გაუტყდა. სინანულით ამბობდა – “მეფე ერეკლემაც” არ გამიმართლაო და უცებ გაზეთში ამოიკითხა, რომ ვიღაც უცნობი მწერლის ლევან გოთუას პიესას კონკურსში მეორე პრემია მიენიჭა (პირველი პრემია საერთოდ არ მიუნიჭებიათ). ეს რომ ცნობილი გახდა, იმ წუთსავე აფრინეს ხალხი რუსთაველის თეატრიდან თხოვნით, რომ პიესა მათთვის მიეცათ დასადგმელად, მაგრამ ლევანი უარზე დადგა და “მეფე ერეკლე” მარჯანიშვილის თეატრს გადასცა. მაშინ იქ რეჟისორად ვახტანგ ტაბლიაშვილი იყო.

“მეფე ერეკლეს” შემდეგ ლევანმა დაწერა “დავით აღმაშენებელი”, მერე “უძლეველნი” და კომედია “თუთის პატარძალი”.

1938 წელს ლევან გოთუა მუდმივ საცხოვრებლად თბილისში ჩაწერეს. მას შემდეგ თბილისური ცხოვრების აქტიური მონაწილე გახდა და ლიტერატურულ შემოქმედებას სერიოზულად მოკიდა ხელი. მალე მისი პიესა “მეფე ერეკლე” მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა.

მიუხედავად იმისა, რომ ლევანს თბილისში დაბრუნების უფლება მისცეს, მიუჩინეს ჯაშუშები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე თავს ახსენებდნენ. ქუჩაში, თეატრსა და ბიბლიოთეკაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი ქალიც კი ჰყავდა მიჩენილი. ბიბლიოთეკაში წიგნებს რომ აიღებდა, მაგიდაზე გადაშლილს დააწყობდა და გარეთ დერეფანში გავიდოდა, რათა საშუალება მიეცა მისულიყვნენ და ენახათ, რომ აკრძალული ლიტერატურა არ ჰქონდა. ბოლო პერიოდში “ჩეკისტები” ყოველდღე აკითხავდნენ გოთუების სახლს, მწერლის ჩანაწერებში იქექებოდნენ.

ერთი ჯაშუში, რომელიც სულ თან დასდევდა, შემოელახა კიდევაც. ლევანმა ჯერ არბენინა, ხან სად შევიდა და ხან სად, ის სულ უკან მისდევდა. მაშინ მოტრიალდა, ხელი მოჰკიდა, შეანჯღრია და მიაძახა – “უთხარი შენს უფროსს, რომ პოლიტიკისათვის აღარ მცალია. ახლა დრამატურგი ვარ და თავი დამანებეთო”. კარგა მაგრად მიანარცხა.

თბილისში დაჭერები გრძელდებოდა, დააპატიმრეს ლევანის მეგობრები და ახლო ნაცნობები. დაპატიმრებულებზე თხზავდნენ უმძიმეს დანაშაულებს. ასეთი დაძაბული ვითარების მიუხედავად, ლევან გოთუას შემოქმედებითი მოღვაწეობა ნაყოფიერად მიმდინარეობდა. ამ პერიოდში შეიქმნა “დავით აღმაშენებელი”, ზედიზედ იდგმებოდა ლევან გოთუას პიესები: “მეფე ერეკლე”, “უძლეველნი”, “დავით აღმაშენებელი”, “სამი პატარძალი”.

1946 წელს ლევან გოთუაც დააპატიმრეს, სამშობლოს ღალატი წაუყენეს ბრალად და ქალაქ ვორკუტის შრომა-გასწორებით ბანაკში 10 წლით გაამგზავრეს. როგორც პატიმარს, წერა აკრძალული ჰქონდა, მაგრამ გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, მწერლობისთვის თავი არ დაუნებებია, რისთვისაც ხერხს მიმართა: ელექტრიკოსობა შეისწავლა და მაღალი ძაბვის მონტიორად მოეწყო მაღაროში. შევიდოდა სატრანსფორმატორო სადგურში, ჩაწვებოდა ტრანსფორმატორის გვერდით ამოთხრილ ორმოში, დაიდგამდა სანთელს და წერდა. ზედამხედველები შიშით ვერ ბედავდნენ იქ შესვლას, რადგან ლევანმა კარზე თავის ქალა დაახატა და ქვეშ მიაწერა: “სასიკვდილოა”. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ლევან გოთუამ პიესა “სამსახეობა რაინდისა” და დაიწყო “გმირთა ვარამზე” მუშაობა.

მაღაროში გათხარა სამალავი, რომელშიც ნაწერებს ინახავდა. ბანაკიდან მათი გამოტანა დიდ სიძნელეებთან და რისკთან იყო დაკავშირებული. თუმცა ვორკუტაში მცხოვრები პატიმრობამოხდილი ქართველების დახმარებით ამას მაინც ახერხებდა. ზოგჯერ ჩანაწერები ფურცელ-ფურცელ გამოჰქონდათ ბანაკიდან. მაგრამ მერე განიზრახეს დიდი მოცულობით გამოეტანათ. ამისათვის ასეთი ხერხი მოიფიქრეს. მაღაროების გასამაგრებლად მოჰქონდათ მორები. ზოგიერთი “პრარაბი” ამ მორებს მოსახლეობას მიჰყიდიდა ხოლმე. ლევანის ხელნაწერისათვის ასეთ მორებში სამალავი გააკეთეს – ამოჭრეს, ფურცლები ჩადეს, ზედ ისევ მორის ნაჭრები დააფარეს და ტალახით შეგოზეს. შემდეგ ეს ხე-ტყე ერთ-ერთმა ქართველმა შეისყიდა, სახლში რომ მიიტანა, ცოლი აუტყდა – კაცო ეს მორები რაღად გინდოდა, ნახე რამდენი გვაქვსო. ის კაცი შესაფერის დროს ელოდა, რომ ხელნაწერი სამალავიდან შეუმჩნევლად ამოეღო, ამასობაში ცოლმა, რომელმაც არაფერი იცოდა, მორებს გაყიდვა დაუპირა. შეიძლება ითქვას, რომ “გმირთა ვარამის” ორიგინალი სულზე გადარჩა.

შორეული ციმბირისა და იმიერპოლარეთის ციხეებში სამშობლოზე ფიქრი არ ასვენებდა, გულდარდიანად წერდა: “ეს ვერ გამიგია, სამშობლო იმიტომ მიყვარს, რომ ასე შორსა ვარ, თუ იმიტომ ვარ ასე შორს, რომ ასე ძლიერად მიყვარს სამშობლო”.

1960 წლის 25 აპრილს საქართველოს სსრ პროკურორის მოადგილემ, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველმა ა. გიგაურმა გრიფით “სრულიად საიდუმლოდ” პროტესტით მიმართა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის უმაღლეს სასამართლოს და ლევან გოთუას რეაბილიტაცია მოითხოვა – დანაშაულის დაუმტკიცებლობის გამო.

საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ პროტესტი დააკმაყოფილა და რეაბილიტირებული 55 წლის მწერალი საქართველოში დაბრუნდა. გადაწყვიტა ქალაქგარეთ დასახლებულიყო, რომ მუშაობისათვის მეტი დრო ჰქონოდა. ლევან გოთუა არმაზში დასახლდა დაცოლშვილდა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. მას არ უყვარდა განვლილი უმძიმესი ცხოვრების გახსენება, სასწაულს მიაწერდა სამშობლოში დაბრუნებას და საკუთარი ნაწერების გადარჩენას.

საქართველოს სიყვარულმა ყველა სიძნელე გადაალახვინა: ,,სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი, ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად. . . ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც!.”

უმეტეს დროს არმაზში ატარებდა. ძალიან უყვარდა იქაურობა. მწერლის და თამარ გოთუა იგონებს: ”ყოველ შემოდგომაზე, როდესაც იქ ვიყავით, დილით თავზე დაგვადგებოდა და დაგვძახებდა: “ეჰეჰეი, გაიღვიძეთ, შეხედეთ…” და გვაჩვენებდა შიო მღვიმის ნაკრძალიდან მტკვრის ნაპირზე ჩამოსულ ირმებს. მდინარეში ცურავდა, თევზაობდა… ჩვენი სახლის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის გადაღმა იყო ბარგიყარიას მთა (გადმოცემით აქ წინათ გზა ყოფილა. ამ ადგილას თურმე ზედმეტ ბარგს ყრიდნენ. ამიტომ ჰქვია ასეთი სახელი). ლევანმა დაიწყო იქ გამოქვაბულის გამოთხრა ისეთი ჩანაფიქრით, რომ უძველესი ხელნაწერების მუზეუმი გაეკეთებინა. ამ გამოქვაბულისაკენ ჩვენი სახლის მხრიდან საცალფეხო ხიდი უნდა გადაეგდო. უდიდესი ენთუზიაზმით აგროვებდა ხელნაწერებს, გამოქვაბულს საკუთარი ხელით თხრიდა, ხიდის პალოებიც მოიტანეს და დაასვეს… ლევანს ალპინიზმი იტაცებდა, ბევრი მწვერვალი დაიპყრო, მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა შემოვლილი, უსახელო ქვაბულები და ციხეკოშკები აღმოჩენილი. არმაზის ხეობა ხომ ხუთი თითივით იცოდა. მარტო კი არ დადიოდა, ჩვენც აგვიკიდებდა და ისე… ეს წლები ძალიან კარგი იყო. ამდენი ტანჯვა-წვალების შემდეგ თავი ზღაპარში გვეგონა. მოვიდა აღიარება, მატერიალურადაც გავიმართეთ. თითქმის ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო. ძალიან გულუხვი იყო ჩვენს მიმართ, გვანებივრებდა, თითქოს უნდოდა გადატანილი გაჭირვება აენაზღაურებინა. ვიზედაც ხელი მიუწვდებოდა, ყველას ეხმარებოდა – ესახელებოდა და უხაროდა.”

ლევან გოთუა, ბუნებით და მოწოდებით მოგზაური, ნაცადი მთამსვლელი იყო, რომელმაც არაერთი მაღალი მწვერვალი დალაშქრა საქართველოს მთიანეთში. 1937 წელს ალიოშა ჯაფარიძის მეთაურობით მონაწილეობდა შავანას მწვერვალის დალაშქვრაში. სიმაღლიდან დანახულმა საუცხოო სამშობლომ გააბედვინა დაეწერა პირველი ნაწარმოები და მისცა ბიძგი მწერლობისაკენ. ნაწარმოები ,,ხდედალეულნი” სწორედ შავანას მწვერვალზე ასვლას მიუძღვნა. ახალგაზრდობაში ლექსებს წერდა, მაგრამ იმდროინდელი ლექსებიდან ფაქტიურად არაფერი შემორჩა, ზოგი თვითონ გაანადგურა, რადგან აღარ მოეწონა, ზოგიც მრავალრიცხოვანი ჩხრეკვების დროს წაიღეს. ლექსებს გადასახლებაშიც წერდა, მაგრამ აღარ გამოუქვეყნებია.

,,საერთო სწავლასთან ერთად დავეწაფე ქართული ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლას”- ამბობს იგი ავტობიოგრაფიაში. საქართველოს ისტორიის ღრმა ცოდნა გამოიჩინა მან ისტორიული დრამებისა, მოთხრობებისა და რომანების შექმნისას. მეფე ერეკლე თუ დავით აღმაშენებელი, სამსახეობა რაინდისა თუ მითრიდატე, ალექსანდრე კახთა მეფე თუ კრწანისი-შედეგი იყო საქართველოს ისტორიის ღრმა ცოდნისა. ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები “კრწანისის სევდა” (1944), “ხანძთის ზარი” (1945), “უგზო ქარავანი” (1945) და სხვა. მოთხრობაში “კრწანისის სევდა” ამაღელვებლად არის აღწერილი ბრმა ლომთათას და მეფე ერეკლეს შეხვედრა კრწანისის ნაომარ ველზე.  “უგზო ქარავანი” ეძღვნება გიორგი სააკაძისა და მისი თანამებრძოლების სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს შორეული სირიის ქალაქ ჰალაბში.

გოთუას შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოთხნაწილიანი ისტორიული რომანი “გმირთა ვარამი” (1958-1962), რომელიც მწერალმა ვორკუტის საპატიმროში დაწერა. რომანში ასახულია საქართველოს ყოფა XVI-XVII საუკუნეებში, როცა დაიწყო ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი და დღის წესრიგში დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. რომანში ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, უსაზღვრო პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება, მისი როლი ქვეყნის ისტორიაში.

ისტორიული რომანი “მითრიდატე” (1971, წგნ. I), რომელიც მწერალს დაუმთავრებელი დარჩა, ეხება ქართველური ტომების ბრძოლას გაერთიანებისათვის I საუკუნეში.
ლევან გოთუა ისტორიული პროზის ოსტატი იყო, თუმცა არც თანამედროვე თემებზე ამბობდა უარს: რომანი “ლეკვი ლომის” (1963), მოთხრობები “ნისლი ნახატარის ტყეში” (1959), “რომელიც საქართველოს ბუნების მოყვარულ ახალგაზრდებს მიუძღვნა; “ფიქრები თოკის კიბეზე” (1960), “ფრესკის მეორე დაბადება” (1961) და სხვა. გოთუა ავტორია დრამებისა “მეფე ერეკლე” (1942), “უძლეველნი” (1943), “დავით აღმაშენებელი” (1945), “სამსახეობა რაინდისა” (1946), რომლებიც იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

ყოველ ეროვნულ საქმეს ლევან გოთუა განსაკუთრებული სიყვარულითა და აღფრთოვანებით ეკიდებოდა. ისტორიული ძეგლების დაცვა თავის სასიცოცხლო საქმედ მიაჩნდა. დადიოდა ტყესა და ღრეში, იკვლევდა, პოპულარიზაციას უწევდა მივიწყებულ ნაშთებს, მათ პატრონობას ცდილობდა. მისი რედაქტორობით გამოვიდა კრებული “ძეგლის მეგობარი”, მანვე ჩაუყარა საფუძველი “გრემქალაქობას”, რომელიც მსგავსი დღეობებისა თუ დღესასწაულების ნიმუშად იქცა.
მისთვის საქართველო იყო საქმე, სიტყვა, სიცოცხლეზე მეტიც. ამიტომ იყო, ქართველ მეფეთა უძველეს ნაფუძარზე – არმაზში რომ სახლობდა. ამიტომ დაიკრძალა იქვე 1973 წლის თებერვალში. ამიტომ იყო, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით მცხეთის სამთავროს ეზოში რომ გადაასვენეს 2005 წლის 15 დეკემბერს.

 

ლიტერატურა

ვართაგავა ი., თანამედროვე ქართველი მწერლები, თბ., 1971;

ცისკარიძე ვ., ლ. გოთუას “გმირთა ვარამი”, «თსუ შრომები» , 1965, ტ. 105;

ლევან გოთუა. ბიოგრაფიული ნარკვევი ს. ხუციშვილისა. ბიბლიოგრაფია, შედგ. კ. რამიშვილის და რ. მეგრელიძის მიერ, თბ., 1976;

ცისკარიძე ვ., ქსე, ტ. 3, გვ. 204, თბ., 1978

ქართული მწერლობა. – ნაწილი მეორე. – თბ. 2008 წ.

წითელი რეჟიმის მსხვერპლი – გაზეთი 24 საათი. 30.01.2010

თამარ გოთუა: “ლევანი სიკეთით აღსავსე ადამიანი იყო” – გაზეთი “ახალი ეპოქა ” N 7- 16-22 თებერვალი, 2001 წელი

წყარო

https://tvalsazrisi.ge/1905-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98/

 


***

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 ***

  • 1905 წლის 10 მარტს დაიბადა დიდი ქართველი მწერალი ლევან გოთუა – ლევან გოთუას ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“. XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ყოფის ამსახველ ამ რომანს საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ლევან გოთუა სასჯელის მოხდისას შორეულ ვორკუტაში წერდა და სამშობლოში ნაწილ-ნაწილ ფარულად აგზავნიდა…
  • admin